2023 წლის 15 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2023 წლის სექტემბერში და ნოემბერში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერტიფიკაციო გამოცდები გაიმართება.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს.
გამოცდაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია შესაძლებელია გაიაროს და მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ სასერტიფიკაციო გამოცდაში - სექტემბერში ან ნოემბერში. რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
სექტემბერში გასამართ გამოცდაზე რეგისტრაცია:
ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სექტემბერში გასამართ გამოცდაში, რეგისტრაციის გავლა შეუძლია დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, 18 სექტემბრის 10:00 საათიდან 24 სექტემბრის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე https://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 18 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდები 2023 წლის 27 სექტემბრიდან იწყება. მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია 16 მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - მცხეთა, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, შუახევი (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
ნოემბერში გასამართ გამოცდაზე რეგისტრაცია:
ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნოემბერში გასამართ გამოცდაში, რეგისტრაციის გავლა შეუძლია დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, პირველი ნოემბრის 10:00 საათიდან 7 ნოემბრის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე https://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, პირველი ნოემბრიდან 7 ნოემბრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე).
გამოცდები 2023 წლის 10 ნოემბრიდან იწყება. მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია 8 მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ:
გამოცხადებულ გამოცდებზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე.
ცესკოს 2023 წლის 21 მარტის N32/2023 დადგენილებით დამტკიცებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ მიხედვით, გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდები არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, რომლებსაც გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდებათ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;
გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
სასერტიფიკაციო გამოცდის საჯაროობა:
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სექტემბერში გასამართ გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2023 წლის 18 სექტემბრის 10:00 საათიდან - 24 სექტემბრის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2023 წლის 18 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.
ნოემბერში გასამართ გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2023 წლის პირველი ნოემბრის 10:00 საათიდან - 7 ნოემბრის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2023 წლის პირველი ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა.
სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით. სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ასარჩევად (საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე გასაჯაროვდა 2023 წლის 25 მაისს და დღემდე ხელმისაწვდომია ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |